ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სისტემის მიღწევები შეაჯამა (ვიდეო)

საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით, დაახლოებით 3 200 000 ადამიანი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ხოლო 530 000 – კერძო ან კორპორაციული დაზღვევით სარგებლობს, – მიღწევები ჯანდაცვის სფეროში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაჯამა.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიდევ ერთხელ დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაში დავით სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის სახელმწიფოს ყურადღების გარეშე, ყველას შეუძლია სამედიცინო მომსახურების მიღება და ჯანდაცვის სექტორისთვის სახელმწიფო დაფინანსების უპრეცედენტო ზრდა ამ მიზანს ემსახურება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ წელიწადში თითქმის 20 პროცენტით შემცირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე. ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე. 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირებულია თვითმკურნალობის ხარჯები; განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ათასობით ადამიანი ვერ მიდიოდა ექიმთან, რადგან არ ჰქონდათ ელემენტარული ხარჯები. ხშირ შემთხვევაში მათ უწევდათ საკუთარი სახლის ან ავტომობილის გაყიდვა, რომ ელემენტარული ოპერაცია გაეკეთებინათ. საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გვიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ასევე, გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს წინსვლა ჩვენს რეგიონებში, სოფლებში”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის 24-საათიანი მუშაობის შედეგია.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დღეს ხალხს აქვს იმედი, რომ გვერდით უდგას სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აღებულ კურსს ბოლომდე მიჰყვება და წარმატებით განახორციელებს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მსოფლიო ბანკს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ერთობლივი დასკვნა ჯანდაცვის სფეროში ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დასტურია.
„ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულია, რომ ის შეეხო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს დაზღვეულია. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო რამ გავაკეთეთ. დღეს ჩვენ ვაფინანსებთ თითოეული მოქალაქის დაზღვევას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის სისწორის აღიარება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები