“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება უმთავრესი პრიორიტეტია”
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება არის უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დღევანდელი დღის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გახდება უფრო ცხადი და საბოლოო მიდგომის შემუშავება ამ კონფერენციის შემდეგ მოხდება.
“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება უმოკლეს ვადებში არის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს ყველაზე რთული რიკოთის მონაკვეთი სხვადასხვა პროექტის მიხედვით დაახლოებით 750 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ჯდება. ჩვენი მიდგომაა, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს კერძო სექტორი, რათა ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე რაც შეიძლება ნაკლები ვალი აისახოს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.