ნოდარ ხადური: რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შესაძლოა, ფასიანი გახდეს
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების შესახებ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს.
ნოდარ ხადურის განცხადებით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით მილიარდ ასი მილიონის ინვესტიციაა საჭირო. “თქვენ იცით, რომ როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა და ამ ყველაზე რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემები. ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე დროს. ამავე დროს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. მათ შორის, ვარიანტი იმის შესახებ, რომ გზა შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. სხვა შემთხვევაში ეს ვარიანტი არ განიხილება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ, როგორც მიღებულია მსოფლიოში, ფასიანი შეიძლება იყოს გზის მონაკვეთი, თუ მას გააჩნია შესაბამისი ალტერნატივები, ამჟამად მოლაპარაკება მიდის, რათა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდეს, ამავე დროს, დარჩეს ძველი გზა, რომელიც სათანადო დონეზე იქნება აღჭურვილი. ამ თემაზე გვექნება საუბარი. დაახლოებით მილიარდ-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო, რათა უახლოეს დროში აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი შეუერთდეს ჩქაროსნულ მაგისტრალს“, – აღნიშნა ხადურმა.