დაკარგული ვეფხვის ვოლიერი ცარიელი აღმოჩნდა
ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი ვოლიერში არ აღმოჩნდა. როგორც „კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ვეფხვი ჯერჯერობით არ ჩანს და არც თვალსაჩინო ფაქტები ჩანს.
„ვერ ვიტყვი ვერაფერს გადაჭრით – ან ისე ან ასე. გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ჯერჯერობით არ ჩანს თვალსაჩინო ფაქტები. ამიტომ უნდა გაგრძელდეს მისი ძებნა და ყველაფერი გადამოწმდეს. ვარაუდების და ვერსიების დრო ნამდვილად არ არის“, – განაცხადა გურიელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მტაცებელი ცოცხალია, მას შეუძლია დაიჭიროს ძაღლი, კატა, თაგვი და ამ გზით გამოიკვებოს.
შეგახსენებთ, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე დღეს იმ ვოლიერების გაწმენდა მოხდა, სადაც დაკარგული ვეფხვი ბინადრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ზოოპარკის ტეროტორია მთლიანად არ გაწმენდილა და შესაძლოა, დაკარგული ვეფხვის ლეში სხვა ვოლიერში აღმოაჩინონ.