„სამხედრო კომპონენტი წარმოდგენილია ყველა იმ წერტილში, სადაც მუშაობა მიმდინარეობს“

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვახტანგ კაპანაძე ამ სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ჩართულობას ეფექტურად აფასებს.
„როგორც კი მივიღეთ სიგნალი, რომ შეიარაღებული ძალები ჩართულიყო სტიქიასთან ბრძოლის ოპერაციაში, 35-40 წუთში ადგილზე იმყოფებოდნენ ის დანაყოფები, რომელთა აუცილებლობაც იმ პერიოდში განისაზღვრა. არ იყო მითითება მთელი შეიარაღებული ძალები გამოსულიყო, იყო საუბარი მხოლოდ გარკვეული დანაყოფების მხარდაჭერაზე – ადგილზე იმყოფებოდნენ ინჟინრები და ლოგისტიკის დანაყოფები. შეიქმნა მართვის ცენტრი, რომელიც მუდმივ კავშირში იყო კრიზისების მართვის ცენტრთან.
საათში ერთხელ ვიღებდით განახლებულ ინფორმაციას. ყოველი დღის 19:00 საათზე იმართებოდა შემაჯამებელი თათბირი, სადაც ხდებოდა მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და შემდეგი დღის დაგეგმვა. ამ სამუშაოებში დაახლოებით 3000-მდე სამხედრო მოსამსახურემ და 78 ერთეულმა ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა. სამხედრო კომპონენტი წარმოდგენილია ყველა იმ წერტილში, სადაც მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები