მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ტურისტებს იარაღით არ უნდა დავხვდეთ
ოდესის მილიცია ყველა დონეზე გამოცვლილი უნდა იყოს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს ახალ უფროსთან, გია ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უნიანის“ ცნობით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი მილიციის პირადი შემადგენლობა უმოკლეს დროში უნდა გამოიცვალოს, ვინაიდან ორგანოებში ადგილი აქვს ტოტალურ კორუფციას.
„ვინც ერთხელ მაინც აიღო ქრთამი, მას უკვე არაფერი უშველის. მილიციაში უნდა მუშაობდეს სანდო ხალხი, ვინც ნდობით სარგებლობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ასევე შეეხო ოდესაში ბლოკსაგუშაგოების გაუქმებას და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ აუცილებელია უსაფრთხოების კონტროლის სხვა მეთოდების გამოყენება.
„გარკვეული საფრთხე, ბუნებრივია, არსებობს. თუმცა ახლა ტურისტული სეზონი იწყება და ტურისტებს ჩვენ იარაღით არ უნდა დავხვდეთ“, – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსნებთ, რომ 19 ივნისს გია ლორთქიფანიძემ ოდესის ქუჩებში ბლოკსაგუშაგოების გაუქმების და ქუჩებიდან ავტომატიანი მილიციელების მოშორების ბრძანება გასცა.