თინა ხიდაშელი: ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში მაპი
ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში მაპი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც მაპზე, ისე გაწევრიანებაზე.
“არ ვაპირებთ გეგმა “ბ”-ზე და გეგმა “ც”-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატოსთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში მაპი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია”, – განაცხადა ხიდაშელმა და აქვე დასძინა, რომ თუ საქართველოს მაპი არ მისცეს, სწორედ ეს ზრდის ნიჰილიზმს და სკეპტიციზმს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, მით უმეტეს, რუსული რბილი ძალის პოლიტიკის დროს.