თამარ ბერუჩაშვილი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანას: არგენტინას, ურუგვაისა და ჩილეს ეწვევა,-ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ ვიზიტი დღეს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.
„ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია როგორც რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისკენ, ისე პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ. პირველი ვიზიტი შედგება არგენტინაში, კერძოდ, ბუენოს-აირესში,სადაც ბერუჩაშვილი შეხვდება არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ამადო ბუდუს და საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრს ექტორ ტიმერს.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებათა პაკეტს: “საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ”.
ასევე, არგენტინაში ხელი მოეწერება შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“,- განაცხადა კერესელიძემ.
ამასთან, 24 ივნისს, თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაის ეწვევა, სადაც შეხვდება ურუგვაის ვიცე-პრეზიდეტნ რაულ სენდიკს, ასევე ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ ნინ ნოვოას. ამ ვიზიტის დროს ასევე გაფორმდება შეთანხმება ურუგვაისა და საქართველოს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოვლის შესახებ. რაც შეეხება ჩილეს, ჩილეში ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება კოლეგას, ერალდო მუნიოს და შეხევდრა გაიმართება ჩილეს ეროვნულ კონგრესში. ასევე, ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.