საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას გმობს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
„ამით რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება, წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა გაფორმდეს ე.წ. ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონთან, არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივი შედეგს. ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება”, – განაცხადა კერესელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცენ რუსეთის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საერთაშორისო თანამეგრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად. კერესელიძის თქმით, 19 ივნისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას.