“მათ ისარგებლეს ამ არეულობით და უცებ წამოყვეს თავი” – ზოოპარკის ადმინისტრაცია ყველა ბრალდებას პასუხობს

ეს ადამიანები, რამდენიმე წლის განმავლობაში აკეთებდნენ ვითომ ზოოპარკის მონიტორინგს, ამ ჯგუფის არც ერთი წარმომადგენელი არც ზოოლოგია, არც ბიოლოგი და არც ეკოლოგი. შესაბამისად, ჩვენ მათ ძალიან ხშირად ვუხსნიდით, რომ ცხოველების კეთილდღეობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მათი სიყვარული, – ასე ეხმაურება თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე დღეს მერიის შენობასთან გამართულ აქციას და მასში მონაწილეთა მოთხოვნებს.
mzia

ასევე, მზია შარაშიძე ყველა იმ ბრალდებას პასუხობს, რომელიც დღეს გამართულ აქციაზე „თბილისი ზოოპარკის გარეშე“ გაისმა.

კერძოდ, ბრალდება პირველი:  ზოოპარკი ზღუდავს ცხოველების თავისუფლებას.

მზია შარაშიძე: „იმისთვის, რომ ცხოველებისთვის კარგი საქმის გაკეთება შეძლო, აუცილებელია, რომ ფლობდე ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ცხოველს კონკრეტულად, ამ დროს კი, ითხოვდნენ ისეთ რაღაცებს, რაც რეალურად ცხოველისთვის არ იყო საჭირო. მაგალითად, ცხოველების გარეთ გაშვების მოთხოვნა. ყველა ზოოლოგმა და ბიოლოგმა იცის, რომ ზოოპარკში დაბადებული და გაზრდილი ცხოველის ბუნებაში დაბრუნება არის შეუძლებელი, რადგან ამ ცხოველმა არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება, არ იცის თავის გადარჩენა და არ იცის ადამიანისგან განრიდება. სულ რომ არაფერი თქვან ამ ადამიანებმა და ეს ერთი წინადადება დატოვონ, ნებისმიერი პროფესიონალისთვის უკვე სასაცილო ხდება მათი განცხადება. თბილისის ზოოპარკი არ არის ერთადერთი ზოოპარკი მსოფლიოში, თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების   ასოციაციის წევრობის კანდიდატი. ამ ასოციაციაში წევრიანდებიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, ევროპის საუკეთესო ზოოპარკები. ჩვენ ვართ ამ ასოციაციის წევრობის კანდიდატები, შესაბამისად, ჩვენი ზოოპარკი რაიმე კონცეფციით განსხვავებული არ არის ამ ზოოპარკებისგან, ჩვენს ზოოპარკსაც იგივე კონცეფცია აქვს. ასევე, რაც შეეხება იმას, რომ ზოოპარკში ცხოველები მცირე ფართობის ვოლიერებში არიან, ჩვენ პირველები მივესალმებით ზოოპარკისთვის განკუთვნილ უფრო დიდ ფართს, სადაც ისინი თავისუფლად მოთავსდებიან“.

ბრალდება მეორე: ზოოპარკი ზღუდავს ცხოველის უფლებას, იყოს თავის ბუნებრივ გარემოში.
mgeli

მზია შარაშიძე: „ზოოპარკის დანიშნულება არის ცხოველების კონსერვაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოოპარკებში ცხოველების დაცვა ხდება ზოოპარკის ტერიტორიაზე და შემდეგ ხდება მათი გამრავლება და თუ საჭიროა რეინტრუდუქცია. რაც შეეხება ცხოველების ბუნებაში გაშვებას, ეს არ არის ერთი, ან ორწლიანი პროცესი, ამას სჭირდება ათი, ოცი, ოცდაათი წელი მაინც. ბუნებაში დასაბრუნებელ ცხოველებს წინასწარ ზრდიან პატარა ასაკიდან და ასწავლიან მათ საჭმლის დამოუკიდებლად მოპოვებას, ასწავლიან თავის გადარჩენას და ასწავლიან ადამიანისგან თავის განრიდებას. ამაზე მუშაობს მსოფლიოში მასშტაბური ჯგუფები და პროგრამები. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია მათთან ამ თემაზე.
გასულ წელს ზოოპარკის დანიშნულებასა და ცხოველების თავისებურებებზე ძალიან ბევრი ლექცია ჩავატარეთ, ყოველთვის ვეუბნებოდით მათ მოსულიყვნენ, რომ აგვეხსნა ყველაფერი, რაც ზოოპარკს უკავშირდებოდა, მაგრამ არასდროს მოსულან“.

ბრალდება მესამე: ცხოველები არიან ცუდ პირობებში, მაგალითად, მგლებს არ აქვთ სასმელი წყალი.

მზია შარაშიძე: „რაც შეეხება მგლებს, მგლები იყვნენ იქ, სადაც გვყავდა გედები. როცა მგლები გედების ყოფილ ვოლიერებში შესახლდნენ, მგლებს აუზი ფიზიკურად არ სჭირდებოდათ, რადგან მგლები არ ბანაობენ აუზში. შესაბამისად, ეს ადამიანები ამბობენ, რატომ არ აქვთ მგლებს აუზი და რომ ვუხსნით, რომ მგლებს აუზი არ სჭირდებათ, რადგან არ ბანაობენ, არ ესმით და ამბობენ, რომ მგლებს არ აქვთ სასმელი წყალი. ჩვენ ვეკითხებოდით, თუ არ აქვთ სასმელი წყალი, რანაირად არიან ცოცხლები მაშინ? რადგან უწყლოდ რომ იყოს ცხოველი, განა, რამდენ ხანს შეიძლება იყოს უწყლოდ?!“.

ბრალდება მეოთხე: მტაცებლების ვოლიერებში ცოცხალ კურდღლებსა და სხვა ცხოველებს უშვებდნენ.

მზია შარაშიძე: „რაც შეეხება ცოცხალი ცხოველების მტაცებლების გალიაში შეშვებას, ეს ძალიან საკამთო საკითხია, რადგან მსოფლიოს ზოგიერთ ზოოპარკში მტაცებლებისთვის ცოცხალ ცხოველს მომვლელები უჩეჩქვავენ თავს და ზოგადად, მტაცებელი უფრო ჰუმანურია ასეთ დროს, ვიდრე ადამიანი. ეს ხდებოდა როგორ: დიახ, მტაცებლები პერიოდულად იღებენ ცოცხალ საკვებს, მაგრამ როგორც მათ უწერიათ, რომ ეს ხდება ხალხის დასანახად, რომ ეს არის სანახაობა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს არ ხდება ყოველდღიურად, ეს ხდება ძალიან იშვიათად, ხდება ისეთ დროს, როდესაც დამთვალიერებელი ზოოპარკის ტერიტორიაზე არ იმყოფება. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენ ვერ ვაიძულბეთ მტაცებლებს იყვნენ ვეგეტარიანელები. მტაცებელმა უნდა შეინარჩუნოს ინსტიქტი, რადგან ცხოველებისთვის მნიშვნელოვანია მათ ბუნებასთან მიახლოებული გარემოს შექმნა. შესაბამისად, ეს არ არის დაჩლუნგებული მტაცებელი, რომელიც უბრალოდ კუთხეში წევს. ასევე, ბეწვი და ცოცხალი ბაქტრიები აუცილებელია ცხოველის კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“.

ბრალდება მეხუთე: ზურაბ გურიელიძე რესტორებს ჩამორთმეული და ზოოპარკში შეფარებული დათვების დაძინებას აპირებდა, ერთი უკვე დააძინა.
datvi

მზია შარაშიძე: „რაც შეეხება ზურაბ გურიელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, რომ მან დათვი დააძინა და სხვა დათვების დაძინებსაც აპირებდა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ვინც ზურაბ გურიელიძეს იცნობს, არც კი დაუშვებს აზრს, რომ მას ოდესმე მსგავსი რამ მოაფიქრდებოდა. ზურაბ გურიელიძე გადამკვდარია ამ ცხოველებზე და ეს წარმოუდგენელი ბრალდებაა.

როცა დათვები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, ჩვენ ვთავაზობდით ამ ადამიანებს გაერთიანებას და იქნებ ერთობლივი ძალებით მეტი სარგებლობის მოტანა შეგვიძლია ცხოველებისთვის, ამას ვთავაზობდით. მაგრამ ისინი ამაზე არასდროს წამოსულან. ისინი არასდროს მოსულან ჩვენთან სათანამშრომლოდ.

ჩვენ ერთი დათვი გვყავდა რესტორნიდან მოყვანილი, რომელიც იყო ბრმა, რადგან რესტორანში ბოთლებს ურტყამდნენ თავში, ეპილეფსია ჰქონდა ამის გამო და იყო გალოთებული. ჩვენ ვიფარებდით ამ დათვს. ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაგვდგომოდნენ, თავის ინტერესებისთვის ისევ ჩვენზე ახდენდნე ზეწოლას“, – აცხადებს მზია შარაშიძე „კვირასთან“ საუბრისას.

როგორც შარაშიძე გვიყვება, ზოოპარკის მონიტორინგის წევრები სწორედ მსგავსი ცრუ ბრალდებების გამო დაითხოვეს სამსახურიდან და შეწყვიტეს მათთან ყოველგვარი თანამშრომლობა.

მისივე თქმით, ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არასდროს გამოუთქვამთ სურვილი, მიეღოთ მონაწილეობა ცხოველების მოვლის საქმეში, მაშინ როდესაც ზოოპარკს მოხალისეებისთვის კარი ყოველთვის ღია ჰქონდა.

„ჩვენ ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ჩვენი ნებით ვთანამშრომლობდით და სწორედ მსგავსი ცრუ ბრალდებების გამო ჩვენ გავწყვიტეთ მათთან თანამშრომლობა. მათ ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ დახმარება, მაგალითად, დათვების მაგალითს მოგიყვანთ, დათვები ჩვენი დიდი პრობლემა იყო ყოველთვის, რადგან ეს დათვები ჩვენი ზოოპარკის არ იყო, ეს იყო ჩვენს ზოოპარკში შეფარებული დათვები. ბრაკონიერები კლავდნენ დედა დათვს, ბელებს კი რესტორნებში აბარებდნენ, ეს ბელები იქ გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ, ეს დათვები გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ მფლობელებს ჩამოართვა და ჩაგვაბარეს ჩვენ იმ პირობით, რომ აშენდებოდა თავშესაფარი და იქ იქნებოდნენ გადაყვანილები“, – აცხადებს შარაშიძე.

და ბოლოს, მზია შარაშიძე მიიჩნევს, რომ დატრიალებული ტრაგედიის ფონზე მსგავსი აქციების გამართვა არაეთიკურია და აქციის ორგანიზატორების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მცდელობა.

„ამ ფონზე და ამ მდგომარეობაში მსგავსი აქციის მოწყობა აბსოლუტურად არაეთიკური საქციელია და ეს უბრალოდ არის მღვრიე წყალში თევზის დაჭერის შანსი, რომ უბრალოდ მათ ისარგებლეს ამ არეულობით და უცებ წამოყვეს თავი მაშინ, როცა ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს, დაიღუპნენ ჩვენი თანამშრომლები და ცხოველები, რომლებსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ადამიანებმა. არა ერთმა და ორმა, 130 – მა ადამიანმა, რომელიც ყოველდღე ზოოპარკში ცხოვრობდა და ცხოვრობს და შვილებივით ზრდიდნენ ამ ცხოველებს. ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ჭირისუფალს რომ პროფესიულ დარტყმას აყენებ, ეს არის ძალიან არაეთიკური და ამორალური საქციელი”, – განაცხადა მზია შარაშიძემ.

თაკო სონღულაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები