ვახტანგ ურუშაძე: აქცია “თბილისი ზოოპარკის გარეშე” პერმანენტულად გაგრძელდება
დღეს, თბილისის მერიასთან გამართული აქციის “თბილისი ზოოპარკის გარეშე”, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ცხოველთა უფლებების დაცვის წევრი ვახტანგ ურუშაძე, ზოოპარკის დირექტორის მოადგილის არგუმენტს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოოპარკის არსებობა მტაცებლების მოსათვინიერებლად და მათი ქცევის შესასწავლად საუკეთესო ადგილია.
როგორც ვახტანგ ურუშაძემ “კვირას” აქციის მიმდინარეობისას განუცხადა, გარეულ ცხოველს სჭირდება თავისი ბუნებრივი გარემო, სივრცე და მათი ჩაკეტვა არ შეიძლება.
მისივე თქმით, ცხოველების ქცევის შესწავლა და მათზე დაკვირვება, სწორედ ბუნებრივ გარემოშია შესაძლებელი, ვიდრე გალიაში.
“გულიკო ჭიტაძე, რომელიც ზოოპარკში ცხოველების მომვლელი იყო და რომელიც სტიქიამდე მტაცებელმა დაგლიჯა, დაგლიჯა იმიტომ, რომ ზოოპარკის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივით, მტაცებლებს გალიებში კურდღლებსა და სხვადასხვა ცხოველს უყრიდნენ, რათა მათი მტაცებლური ინსტიქტი განევითარებინათ. არ მესმის, თუ ზოოპარკი მტაცებლების მოსათვინიერებელი ადგილია, რატომღა უვითარებ მტაცებლურ ინსტიქტს?! რომ არა ეს, არც გულიკო ჭიტაძეს არ დაგლეჯდა ცხოველი. რაც შეეხება იმას, რომ ბუნებრივ გარემოში მათზე დაკვირვება და მათი ქცევის შესწავლა შეუძლებელია, მცდარია, პირიქით, ბუნებრივ გარემოში შეისწალვება ცხოველი, ვიდრე გალიაში”, – განაცხადა ვახტანგ ურუშაძემ.
აქციას ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, გალინა ხიმშიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ზოოპარკის ადმინისტრაციის მეორე ძირითად არგუმენტი გააკრიტიკა. ამ უკანასკნელის მიხედვით კი, ზოოპარკის არსებობის აუცილებლობა კიდევ ერთი მიზეზითაა მიზანშეწონილი: ზოოპარკის წვლილი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შენარჩუნებაში დიდია.
გალინა ხიმშიაშვილი კი აცხადებს, რომ ზოოპარკის ადმინისტრაცია და კერძოდ, დირექტორი ზურაბ გურიელიძე რესტორნებისგან ჩამორთმეულ და ზოოპარკში განთავსებული დათვების დაძინებას აპირებდა.
მისივე თქმით, გურიელიძის მიერ ერთ-ერთი დათვი დააძინეს კიდეც. ასევე, ხიმშიაშვილიც ადასტურებს, რომ მტაცებლებს გალიებში ცოცხალ კურდღლებსა და სხვადასხვა ცხოველს უყრიდნენ.
“გურიელიძე სულ აპირებდა ამ დათვების დაძინებას. ეს დათვები ზოოპარკის დათვები არ იყვნენ, ეს დათვები უცხოელების მიერ რესტორნებისთვის ჩამორთმეული დათვები იყვნენ და სულ უპირებდა მათაც დაძინებას, ამის გულისთვის ვიბრძოდით ამდენი წელი, რომ გადაგვერჩინა ეს დათვები. ასევე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ცოცხალ ცხოველებს, მაგალითად კურდღლებს, უყრიდნენ გალიაში, ეს არ მომწონდა”, – აცხადებს გალინა ხიმშიაშვილი.
დღეს თბილისის მერიის შენობასთან აქცია “თბილისი ზოოპარკის გარეშე” გაიმართა. მოძრაობა „ვეგან ბაზას“, თბილისის ზოოპარკის ცხოველთადაცვითი მონიტორინგის ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯიას” ორგანიზებით გამართულ აქციას, ძირითადად, ცხოველთა უფლებების დამცველები შეუერთდნენ.