სტიქიამ სოფელი თამარისი დააზარალა
მარნეულში, კერძოდ, სოფელ თამარისში, გუშინდელი სტიქიის შედეგად ჩახერგილი გზების აღდგენითი სამუშაოები დღეს იწყება, ასევე, დილიდანვე თამარისის ცენტრალური ქუჩის იმ ხეებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რომლებიც ქარმა წუხელ მოგლიჯა.
წუხელ, გვიან ღამით, სტიქია მოხდა მარნეულში, კერძოდ, სოფელ თამარისში. სოფელში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, წვიმამ და სეტყვამ კი, ნათესები და ხეხილი გაანადგურა. ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეები ადგილობრივების სახლების სახურავებს დაეცა, ძლიერმა ქარმა კი, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
სოფელ თამარისს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დიდია და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ამბობს, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს გამგეობის სპეციალური კომისია უკვე სწავლობს. მისივე თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და გამგეობის შესაბამისი სამსახურები.