„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ დახმარებისთვის, რაზეც მან ისაუბრა“
ის დახმარება, რაზეც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, მთავრობისთვის და დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედში” ჩართვისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით თანხების მოსაზიდად ფინანსთა სამინისტროც აქტიურად მუშაობს შესაბამის საფინანსო ორგანიზაციებთან.
„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც თანადგომა გამოიჩინა და ვისაც რა შესაძლებლობა ჰქონდა, ყველა გვერდში უდგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მთავრობას. პროექტებს რაც შეეხება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს შესაბამის საფინანსო ორგანიზაციებთან, აქ შეიძლება გრანტების წამოღება, შეიძლება იაფი სესხის აღება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. მე მინდა ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ დახმარებისთვის, რაზეც მან ისაუბრა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მთავარია რომ ივანიშვილმა გამოთქვა თანადგომა და მხარდაჭერა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„უკვე როდესაც კონკრეტულ პროექტებზე იქნება საუბარი შესაბამისად, საზოგადოებისთვის ყველაფერი იქნება ცნობილი“, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზადაა თანხა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენას დააკლდება, თვითონ გადაიხადოს.
“მე საჯაროდ განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ეს მთავრობის საქმეა და ისინი აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაფარონ ის ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა. რასაც ვერ შეძლებენ, ნებისმიერ თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩათვალეთ რომ აქვთ. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით. მე დავაფინანსებ, რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება და საზოგადოება”, – განაცხადა ივანიშვილმა.