გიორგი მარგველაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა – ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გიორგი მარგველაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო და თავისი თანადგომა გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობას. მხარეებმა ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობასა და იმ წვლილზე ისაუბრეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გლობალური უსაფრთხოების საკითხშებში შეაქვს.
შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი იყო; აღინიშნა, რომ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ევროინტეგრაციის ხელშეწყობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, თავისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისათვის და ევროინტეგრაციისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში ჩვენს ქვეყანას დახმარება აღუთქვა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლებლობების ფონზე, საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს და ხაზი გაესვა იმ ხელსაყრელ და მიმზიდველ გარემოს, რომელსაც საქართველო ინვესტორებისათვის ქმნის.
გიორგი მარგველაშვილმა ხორვატ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იმ მხარდაჭერისათვის რომელსაც ხორვატიის რესპუბლიკა იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის თანახმად გამოხატავს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები