ირაკლი ღარიბაშვილი ნარმანიას: არცერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე
მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ირაკლი ღარიბაშვილი განვლილი დღის ანგარიშს იბარებს. პრემიერმა სხდომის დაწყებისას მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში.
მთავრობის მეთაური დაინტერესდა თუ რატომ იყვნენ დღეს საკვების გარეშე დარჩენილი მოხალისეები, რაზეც მას დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ მოხდა გაუგებრობა, რაც მალევე მოგვარდა.
„დღეს თვალი მოვკარი რომ მოხალისეებს არ აქვთ კვება და რატომ არ აქვთ? გთხოვთ, რომ ხვალ დილიდან ორგანიზება გაუკეთოთ ამ ყველაფერს, რომ არცერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე“, – მიმართა პრემიერმა ნარმანიას.
„მოხდა გაუგებრობა. მოხალისეები თვითორგანიზებულები იყვნენ და შემდგომ გამოაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციის დროს ისინი ვერ ახერხებდნენ კვებას. მე როგორც კი მივიღე შსს-დან ეს ინფორმაცია, მათ 15 წუთში წყალი ჰქონდათ და შემდეგ 1 საათის ფარგლებში საკვები“, – განაცხადა მერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებსაც მიმართა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა.