„ საქართველოში სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ“
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი თბილისში, 13 ივნისს მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა.
როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ და ქართველებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
„გამოვხატავთ ჩვენს გულის ტკივილს ამ საშინელი ტრაგედიის გამო, რაც მოხდა. როგორც ვიცით, კვლავ მიმდინარეობს დაღუპული ადამიანების ძიება, ასევე გამოვხატავთ გულისტკივილს ზოოპარკის დირექტორის და მისი თანამშრომლების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება, საქართველოს გაუწიოს დახმარება ამერიკის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩათვლით, რომელთაც კარგი გამოცდილება აქვთ მეწყერულ რისკებთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს საშიშროება“,-აღნიშნა ელჩმა. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ნორლანდის განცხადებით, ის ელოდება ხელისუფლებას, რათა მოხდეს კონკრეტული წინადადებების წარდგენა კონკრეტული მიმართულებებით.
„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ველოდებით ხელისუფლებას, რომ მოხდეს კონკრეტული წინადადების წარდგენა კონკრეტული მიმართულებებით“,-განაცხადა რიჩალდ ნორლანდმა.