თინათინ ხიდაშელმა ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა.
თინათინ ხიდაშელი დეტალურად გაეცნო ქართველი სამხედროების მიერ შესრულებულ სამუშაოებს და პირად შემადგენლობას გაესაუბრა. სტიქიის ზონაში თავდაცვის მინისტრთან ერთად, მისი პირველი მოადგილე დავით ებრალიძეც იმყოფებოდა. მინისტრი ზოოპარკის ტერიტორიაზე იმ ადგილზეც მივიდა, სადაც კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
„ჯერჯერობით შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ყველა პრობლემა მოგვარებულია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან დაკარგული ადამიანები, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ძალიან სწრაფ რეჟიმში კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ამასობაში, უკვე სარეაბილიტაციო ქმედებებზე უნდა გადავიდეთ. უკვე უნდა დავიწყოთ მობილიზება იმისათვის, რომ მოხდეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება და არა მხოლოდ მოძიების და გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებდით, ხოლო თბილისელებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ის ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელიც ქალაქმა აჩვენა, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო და ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელმა ვაკე-საბურთლოს ახალი გზის დაზიანებული მონაკვეთი და სვანიძის ქუჩაც მოინახულა, სადაც ჯარისკაცები მუშაობენ. გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალები სტიქიის ღამესვე ჩაერთნენ. ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა წყნეთისა და სვანიძის ქუჩების, ვერეს ხეობაში ზოოპარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯარების ლოგისტიკური სარდლობის სპეციალური ტექნიკაცაა მობილიზებული.