ლალი მოროშკინა: ხელისუფლების მისამართით აგორებული წნეხი გადაჭარბებულია – მთავრობა ყველაფერს აკეთებს!

კონფლიქტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სტიქიის მოვლენებს ეხმაურება და მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, თუმცა,  ქვეყანაში შოკური მდგომარეობაა.

„მინდა გითხრათ,  რომ არასდროს არავისთვის არ დამიფარებია ხელი არც მთავრობის წევრებისთვის და არც პოლიტიკური განცხადებებისგან არ შემიკავებია თავი, მაგრამ დღეს  შემიძლია, ვთქვა,   რომ მთავრობა  ყველაფერს აკეთებს,   მაგრამ შოკური მდგომარეობაა!

კარგად მესმის, რომ სახელმწიფო მოხელეს გაცილებით მეტი პასუხიმგებლობა მოეთხოვება და ისიც კარგად მესმის, რომ ქვეყანაში  ძალიან მძლავრი კრიზისული მენეჯმენტი უნდა იყოს, მაგრამ,  ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს. ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ქვეყანა, თუნდაც ევროპული, რომელიც მზად იქნებოდა იმისთვის, რომ ცხოველები გამოვარდებოდნენ გალიებიდან … ამისთვის მზად ნამდვილად არავინ ყოფილა!“, – განაცხადა მოროშკინამ, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლების მისამართით აგორებული წნეხი გადაჭარბებულია.

„კვირას“ კითხვაზე,  გავექცეოდით თუ არა დღეს მომხდარ ფაქტს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდებოდა განცხადება მტაცებელი ცხოველების ზოოპარკის გარეთ არსებობის შემთხვევაში, ლალი მოროშკინა პასუხობს:

„ამ საკითხში ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ემოციები. ისინიც გადაიღალნენ, ზუსტად ვიცი, რომ 24 საათი არ სძინავთ. პრემიერი გამოდის და ბოდიშს იხდის. ვერ დამისახელებთ წინა წლების ვერც ერთ პრეცენდენტს, როდესაც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს ბოდიში მოუხდია. შესაბამისად, პასუხიმგებელი ხელისუფლება ასე იქცევა და თუ, გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ბოდიშს იხდის.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სიტუაცია არის ფორსმაჟორული. ნუ შევხედავთ ამას ისე, თითქოს ჩვეულებრივი დღე გათენდა. ყველა განცხადება, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ ფონზე კეთდება. მე, როგორც კონფლიქტოლოგს, ერთი რამ კარგად მესმის: როდესაც მივდივართ დაპირისპირებულ მხარეებთან სასაუბროდ, პირველად პანიკის თავიდან აცილება ხდება და მერე სიტუაციის გადაწყვეტა.

საქართველოში ისედაც მაღალი პოლიტიკური ფონია და კიდევ რომ გამოეცხადებინათ საგანგებო მდგომარეობა, დამიჯერეთ, შიშს ძალიან დიდი თვალები აქვს და პრაქტიკულად, ყველა სადარბაზოში მოეჩვენებოდათ ცხოველი.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს, სახელმწიფო მოხელეებმა თუ ნებისმიერი სხვა ინსტიტუციის წარმომადგენელმა განცხადების გაკეთებისას, იხმარონ სიტყვა – „სავარაუდოდ“.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში  ეს სიტყვა რომ გამოეყენებინათ, მაშინ თითოეულ მოქალაქეს ექნებოდა თვითცენზურა ჩართული და უფრო გაფრთხილდებოდა”, – განაცხადა “კვირასთან” მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები