გენერალური შტაბის უფროსმა სტიქიის ზონა მოინახულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სტიქიის ზონა მოინახულა.
გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრობის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო და სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას გაესაუბრა. ვახტანგ კაპანაძემ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები დადებითად შეაფასა. გაწმენდით სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სტიქიის პირველივე წუთებიდანვე ჩაერთო.
ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა წყნეთის ქუჩის, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობისა და „მზიურის“ ჩასასვლელის მიმდებარე ტერიტორიებს ასუფთავებს. ქართველი სამხედროები მაშველთა ჯგუფს დაზიანებული და ჩაძირული ტექნიკის ამოყვანაშიც ეხმარებიან.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა – 15 ერთეული სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 ერთეული ექსკავატორი და 2 ერთეული თვითმტვირთავი. 4 ერთეული ტრაქტორი კი ნაპირსამაგრ სამუშაოებშია ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი და IV მექანიზებული ბრიგადების პირადი შემადგენლობა სვანიძის ქუჩაზე ასრულებს გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საინჟინრო ბრიგადა კი ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს.