“მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას”

პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ლაგუნა ვერესთან“ ადამიანის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღმაშფოთებელი და საზარელი ფაქტი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო თათბირი გამართა.
შეხვედრას მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თბილისი მერი და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესწრებოდნენ. პრემიერმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი მთავრობის წევრებს მოსთხოვა და მოუწოდა, ზოოპარკის ადმინისტრაციაზე და მის დირექტორზე დაყრდნობით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.
„2 დღის წინ საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტაცებელი ცხოველები ქალაქში აღარ იმყოფებოდნენ და ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. მე მინდა ამის გამო, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია და თავად დირექტორი, რომელმაც საგანგებო შტაბს და შსს-ს განუცხადა, რომ ცხოველები გარეთ აღარ იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რა ინფორმაციას მოვისმენთ ჩვენ ზოოპარკის დირექტორისგან, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რამდენი ცხოველია გარდაცვლილი, რამდენია ნაპოვნი. გავალებთ, თქვენ თვითონ დააზუსტოთ, რამდენი ცხოველია ადგილზე და რამდენი – გარდაცვლილი. მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ რომელიმე მტაცებელი მკვდარია, მანამდე არ გაავრცელოთ ინფორმაცია. მოსახლეობა ასეთ შემთხვევებში უნდა გავაფრთხილოთ, რომ რაღაც საფრთხე არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები