ვახტანგ გომელაური: ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო
გუშინ გვქონდა ინფორმაცია, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“მტაცებელმა ცხოველმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. მოვედით, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა შიგნით და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ვეფხვის მიერ იყო დაგლეჯილი. ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო და, როგორც გვაცნობეს, გარდაიცვალა. გვინდოდა ვეფხვის დაძინება, თუმცა აგრესიული იყო და, სამწუხაროდ, მისი ლიკვიდაცია მოხდა. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, აღარ უნდა ყოფილიყო არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული – ზოგი მკვდარი ნახეს, ზოგი – დამხრჩვალი, სამწუხაროდ, ზოგის ლიკვიდაცია მოგვიხდა. გუშინ გვქონდა ინფორმაცია, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციისგან ჰქონდათ. თუმცა, მისი თქმით, დღეს აღმოჩნდა, რომ საწყობში მტაცებელი ცხოველი იპოვეს.
“ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ეს ჰქონდა პრემიერსაც და იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა. აღმოჩნდა, რომ საწყობში ყოფილა კიდევ ერთი მტაცებელი ცხოველი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა შევიდა საწყობში, რომლებსაც საწყობი უნდა დაელაგებინათ. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოხდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა და პოლიციას შეატყობინეს”, – აღნიშნა გომელაურმა. “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა.