გიორგი მარგველაშვილი სულეიმან გუნდოღდუ დემირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის სულეიმან გუნდოღდუ დემირელის გარდაცვალების გამო, თურქეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულება რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„თქვენო აღმატებულებავ, ღრმად დამამწუხრა ცნობამ თურქეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება სულეიმან გუნდოღდუ დემირელის გარდაცვალების შესახებ. ნება მომეცით, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მოგისამძიმროთ თქვენ, პრეზიდენტ სულეიმან გუნდოღდუ დემირელის ოჯახს და თურქეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და გამოვხატო ჩემი გულითადი თანაგრძნობა. მისი აღმატებულება სულეიმან გუნდოღდუ დემირელი იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც შეასრულა ისტორიული როლი არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი რეგიონის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების შენარჩუნების თვალსაზრისით. მან, როგორც სახელმწიფო მეთაურმა, საფუძველი ჩაუყარა საქართველო-თურქეთის ნაყოფიერ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი და თურქი ერები არასდროს დაივიწყებენ მის დამსახურებას ჩვენი ქვეყნების წინაშე“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.