სვანიძის ქუჩაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია მთლიანად განადგურდა
ლაბორატორია, რომელიც შესაძლო კატასტროფებისა და ბუნებრივი მოვლენების დაკვირვებას აწარმოებდა, 13 ივნისის სტიქიას ემსხვერპლა,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გეომორფოლოგმა, გეოგრაფიის დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა ისაუბრა.
ლაბორატორია 60-იან წლებში ზოოპარკის დატბორვის შემდეგ სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ შესაძლო საფრთხეები შეესწავლა და მისი პროგნოზირება მოეხდინა. გარდა საფრთხეების შესწავლისა, ლაბორატორიაში სწავლებაც მიმდინარეობდა, და სამეცნიერო დაკვირვებების შედეგებსაც დებდნენ, თუმცა, როგორც დვალაშვილმა განმარტა, მათი დასკვნებით, უკვე კარგა ხანია სახელმწიფო უწყებები აღარ ინტერესდებიან.
როგორც დვალაშვილმა განმარტა, ვერეს ხეობაში დასახლებები დაუშვებელი იყო.
„ ყველაზე მასშტაბური დარტყმა გივი სვანიძის ქუჩაზე მოხდა, იქ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია, რომელიც მთლიანად დაინგრა და დღეს მხოლოდ ლაბორატორიის ტერიტორიაა. 1962 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობდა მდინარე ვერეზე დაკვირვება და პირველი დარტყმა მიიღო გვირაბმა, რომელიც 1957 წელს ვაკე – საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობისას გაკეთდა. სტიქიისას 13 მეტრის სიმაღლის წყლის მასა დაფიქსირდა. ეს ძალიან დიდი წყლის მასაა, წყალმა დატბორა ის ტერიტორიები, რასაც მდინარე ვერე, სანამ იქ ინფრასტრუქტურა აშენდებოდა, სხვადასხვა წლებში ტბორავდა. ეს იყო მდინარის საკუთარი ტეროტორია, მდინარის ჭალა, რომელსაც ყოველი წყალდიდობისას მდინარე ტბორავდა. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლება არ უნდა მომხდარიყო. ამან გამოიწვია ის უარყოფითი შედეგები, რაც დაფიქსირდა, თორემ მდინარე ვერეს წყალდიდობები ადრეც მომხდარა. ჰიდრომეტეროლოგიური დაკვირვების ლაბორატორიის შექმნა ზოოპარკის 1960 წელს დატბორვის შემდეგ მოხდა, რომ უწყვეტად მომხდარიყო სამეცნიერო დაკვირვებები. დაკვირვებებთან ერთად ამ ლაბორატორიაში სასწავლო პროცესიც მიმდინარეობდა. დაკვირვების შედეგები და მასალები რეგულარულად გადაეცემოდა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კარგად ფუნქციონირებდა, ანალიზდებოდა ინფორმაცია და კეთდებოდა საფრთხეების პროგნოზირება. შემდგომ ეს სისტემა მოიშალა“,- აღნიშნა დვალაშვილმა. სტიქიის შედეგად აღარ არსებობს სამეცნიერო ლაბორატორიის ტექნიკა, ლაბორატორიაში არსებული მუზეუმი და მასალების ნაწილი, თუმცა გადარჩა პროგნოზირების სისტემის პროექტი, რომელიც ლაბორატორიის თანამშრომლებმა შექმნეს. გიორგი დვალაშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მათ გევრით დაუდგება და ლაბორატორიას აღადგენს. „ ბოლო პერიოდში ჩვენმა თანამშრომლებმა ძალიან საინტერესო პროგნოზირების სისტემა შექმნეს, მომზადდა პროექტი, რომელიც სამეცნიერო ფონდს გადაეგზავნა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაფინანსება ვერ მიიღო. ეს პროექტი არსებობს დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია 13 ივნისს ღამით სასწავლო კორპუსებთან ერთად მთლიანად განადგურდა. 13 მეტრი წყლის მასის ქვეშ მოექცა ლაბორატორია. ამ პროექტის მიხედვით იყო ზუსტად პროგნოზირება იმისა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. უნდა გაკეთებულიყო მეტეოსადგური. ეს საფრთხეები გათვლილი იყო მაგრამ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ იყო დაინტერესება . ჩვენ ვაკეთებდით დასკვნებს, მაგრამ არავის აინტერესებდა ის. იქ ნებისმიერი სამუშაოები რისკის ქვეშ იყო. ამ მასალების დიდი ნაწილი გადარჩა, თუმცა ჩვენი უნიკალური მუზეუმი და ტექნიკა მთლიანად განადგურდა. ვერეს ხეობაში არის ადგილები, სადაც მეწყრული უბნები და ღვარცოფული კერებია. ეს მარტო თამარაშვილის ხიდიდან გმირთა მოედნამდე არ უნდა შეფასდეს, ამ მონაკვეთის ზემოთ დაახლოებით 35 კილომეტრი გრძელდება კიდევ „ვერე“ . ეს ყველაფერი ჩვენ მიერ აღწერილი და ხელმისაწვდომია. დასკვნების გაკეთება სამეცნიერო კვლევების გარეშე არ უნდა მოხდეს. ზეპირი შეთანხმებისას ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვპირდნენ. რომ ჩვენი ლაბორატორია აღდგება“, – განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.