უცხოელმა სპეციალისტებმა ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოიყვანეს
თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მზია შარაშიძის განცხადებით, საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა მუშაობა უკვე დაიწყეს და ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ.
მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელების რისკი არსებობს, რის შესასწავლადაც სპეციალისტები მუშაობენ.
“დღეს ჩამოვიდა ისრაელის და პრაღის ზოოპარკების ორი დელეგაცია, რომლებსაც სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. ისინი აბსოლუტურად აღჭურვილები ჩამოვიდნენ ტექნიკურად, მათ დაიწყეს მუშაობა და ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ. მესამე დღეა ეს ცხოველები აქ იმყოფებიან და, შესაბამისად, უკვე არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გამოცდილები არიან და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მუშაობენ”, – განაცხადა მზია შარაშიძემ.
ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში ავაზა და პანტერა დადის, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, ზოოპარკს მხოლოდ სამი პანტერა ჰყავდა და სამივე მათგანი დამხრჩვალი იპოვეს.
“გუშინ ფაქტობრივად თითქმის ყველა ცხოველი ვიპოვეთ. ამჟამად ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ აფთარს. ალბათობა იმისა, რომ ეს ცხოველები ცოცხლები არიან, მინიმალურია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავაზა დაინახა ქალაქში მოსახლეობამ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ავაზა საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხება პანტერის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ გვყავდა სამი პანტერა და სამივე მათგანი დამხრჩვალი ვიპოვეთ”, – განაცხადა მზია შარაშიძემ.