გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა შესაძლოა, ხვალისთვის აღდგეს

 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ვარაზისხევის მიმართულებით გზის გახსნისგან თავს იმის გამო იკავებენ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.
“საგზაო მოძრაობა აღდგენილია გმირთა მოედანზე ყველა მიმართულებით, გარდა ვარაზისხევის მიმართულებისა. მუშაობს ესტაკადაც. ერთადერთი, რაც გასახსნელი დარჩა, არის ვარაზისხევის მიმართულება და აღნიშნულიც, ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის გაიხსენა. ამ გზაზე იმდენად არ არის ტექნიკური პრობლემები, რამდენადაც მისმა გახსნამ შეიძლება აღდგენითი სამუშაოები შეაფერხოს, კერძოდ, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას შეუშალოს ხელი”, – განაცხადა ჯანელიძემ.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ყველა ობიექტი უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით და თითოეულ მათგანზე კოორდინატორია.
“კრიზისების მართვის საბჭოს გააჩნია რეზერვი და შესაბამისი მომართვიანობის საფუძველზე მისი გადაადგილება ხდება საჭირო მიმართულებით. რაც შეეხებათ მოხალისეებს, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასე აქტიურად არიან ჩართულნი გაწმენდით და დასუფთავების სამუშაოებში. ეს პროცესი დღეს გაცილებით ორგანიზებულად მიმდინარეობს, ვინაიდან პროცესს ორგანიზებას მერიის სამსახურები უწევენ. ასევე მინდა განცხადება გავაკეთო იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვისაც აქვს დახმარების საურვილი – თბილისის 10-ვე გამგეობა მზად არის მიიღოს დახმარება და შემდეგ გადაანაწილოს საჭიროებების მიხედვით. ასევე, გახსნილია რამდენიმე ანგარიში, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. შესაბამისად, მსურველ პირებს შეუძლიათ დახმარება ამ ანგარიშებზე ჩარიცხონ”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები