ირაკლი ღარიბაშვილი: არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს
ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქია გვირაბებმა და ახალმა გზამ განაპირობა თუ არა, ამას შესაბამისი სამსახური შეისწავლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, აღნიშნულით პროკურატურაც დაინტერესდეს.
“დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ გვირაბებმა და ახალმა გზამ ვერეს ხეობაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს არის ემოციური შეფასება, თუ სიმართლე. ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქეყანაში ხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტიქიის გამომწვევი რეალური მიზეზები უნდა დადგინდეს და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის ადამიანი, ვისაც წვლილი მიუძღვის მომხდარში.
“ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ამა თუ იმ პირის პასუხისგებაზე. საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია”, – აღნიშნა პრემიერმა.