თინათინ ხიდაშელი ევროპულ ფორუმს ესწრება

ევროპული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვეიცარიიდან ავსტრიაში გაემგზავრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ვახაუს ევროპულ ფორუმში მონაწილეობას იღებს. საერთაშორისო კონფერენციას „მიაღწია ევროპამ ლიმიტს? ევროპის სამომავლო როლი გლობალურ არენაზე“ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან.

ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები ევროპის მომავალზე იმსჯელებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას (CSDP), რეგიონალურ თანამშრომლობას, ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციის პარალალურად თინათინ ხიდაშელი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსა და ევროპის პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს შეხვდება.

თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრება. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ჟან ივ ლე დრიანთან. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები