გალში პოლიკლინიკა დახურეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ხელმძღვანელი სერგეენკოს უწყებამ დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი არ ფლობს ინფორმაციას, ამ რეგიონის რამდენი მკვიდრი დადის სამკურნალოდ საქართველოში. ეს განცხადება გოოვმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არანაირი კონტაქტი არა გვაქვს. შესაბამისად, არ ვიცით, აფხაზეთიდან რამდენი ადამიანი დადის სამკურნალოდ საქართველოში. საერთაშორისო ორგანიზაციები კი გაფრთხილებულები არიან, რომ ყველა პროექტი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს უნდა შეუთანხმონ“, – განაცხადა გოოვმა.
მინისტრმა გალის რაიონში ჯანმრთელობის მხრივ არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა. „გალის რაიონში ასეთი ფაქტი მოხდა. ერთ-ერთი პოლიკლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დანიშნა. როდესაც ჩვენ ეს გავიგეთ, რაიონის მთავარ ექიმს სიტუაციის გარკვევა დავავალეთ. ამის შემდეგ კი ეს სამედიცინო დაწესებულება დავხურეთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს იურისდიქცია ვრცელდება და ის აფხაზეთის კანონებს და კონსტიტუციას უნდა ემორჩილებოდეს. ამიტომ ჩვენი „ენგურსმიღმელი“ მეზობლების დანიშვნები უკანონოა“, – აცხადებს ანზორ გოოვი.