დავით ნარმანია რეგიონულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო Holiday Inn-ში რეგიონულ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თვითმმართველ ქალაქებს შორის კოორდინაციის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალიტეტების მასშტაბით პროექტებს ახორციელებენ. დავით ნარმანიას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები თვითმმართველობების საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობას შეუწყობს ხელს.

„დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდების მეტად გააქტიურებაზე და მათ ჩართულობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობა იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და დღეს სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას, თვითმმართველობების ახალგაზრდულმა სამსახურებმა უნდა შეუწყონ ხელი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიის განთლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები თვითმართველ ქალაქებს შორის ყოველწლიურად გაიმართება.

„დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება, მიღწევები გავუზიაროთ, კონფერენცია ჩვენს საქმიანობაში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს წარმოაჩენს და ერთობლივი ძალებით მათი გადაჭრის გზების მოძიებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა გიორგი არეშიძემ.

თვითმმართველი ქალაქების განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მომუშავე სამსახურებმა სამომავლო განვითარების ხედვა წარმოადგინეს და ერთობლივი პრიორიტეტები შეიმუშავეს. კონფერენციაზე სამსახურებს შორის შემდგომი აქტივობები დაგეგმა, რაც მომავალში მათ შორის საერთო პროექტების შემუშავებას და განხორციელებას შეუწყობს ხელს.

კონფერენციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განთლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ქეთი ჯოხაძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, სტუდენტური თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები