არასამთავრობოებმა უსუფაშვილის გამოხმაურებას საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა”, “პოზიციამ”, “ახალგაზრდა ადვოკატებმა” და “ახალგაზრდულმა ცენტრმა” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც პარლამენტარების მიერ საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენა მკაცრდება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, ისინი მიესალმებიან დავით უსუფაშვილის გამოხმაურებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევა გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც პარლამენტარები საკმაოდ ხშირად აცდენენ სხდომებს ოჯახური მდგომარეობის გამო. არასამთავრობოები საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობენ, რომლითაც ოჯახური მდგომარეობის გამო სხდომის გაცდენა უნდა დაკონკრეტდეს. ისინი მას უახლოეს მომავალში წარუდგენენ საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა გარკვეულ საფრთხეებზეც საუბრობენ, ვინაიდან შესაძლებელია ზოგიერთმა დეპუტატმა მხარი არც კი დაუჭიროს ამ ინიციატივას, ვინაიდან ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ. უსუფაშვილის განცხადებას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების: “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“, “ახალგაზრდა ადვოკატების“, ,,ახალგაზრდული თაობის“ და ,,პოზიციის“ 11 ივნისს გაჟღერებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია მოწესრიგდეს დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.