საგარეო უწყება რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების წარმოების გამო შეშფოთებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების წარმოების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.
ამის შესახებ უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“2015 წლის 10 მაისს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის სამხედრო ბაზაზე დაიწყო ფართომასშტაბიანი წვრთნები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 1 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. წვრთნების პროცესში გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები: “Застава”, “Гранат”, “Орлан” და “Леер”, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება დაზვერვა და არტილერიის ცეცხლის კორექტირება. ამავდროულად, წვრთნებში მონაწილეობენ Т-72БМ ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები: БМП-2, თვითმავალი ჰაუბიცები: “Акация” და “Гвоздика”.
“რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას სათანადო შეფასება მისცეს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.