ვიაჩესლავ ჩირიკბა – ქართული მხარე პოლიტიკურ რეალობას არაადეკვატურად აფასებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ უკმაყოფილება გამოთქვა ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის შედეგებით. ეს განცხადება მან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი განცხადებით, დისკუსიის მონაწილეებს შორის ძალზე სერიოზული წინააღმდეგობები „არაკონსტრუქციულობის აფეთქებებს“ იწვევს.
„როდესაც პარტნიორი თქვენში პარტნიორს ვერ ხედავს, ეს ძალზე რთულია მოტივაციის და სურვილის არარსებობის შემთხვევაში. ეს არის ქართული მხარის პრობლემა, რომელიც არაადეკვატურად აფასებს პოლიტიკურ რეალობებს“, – აცხადებს ჩირიკბა. 3 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის კომენტირებისას ჩირიკბამ განაცხადა, რომ ის ისედაც რთულ მოლაპარაკებებს კიდევ უფრო ართულებს.
„ბოლო რეზოლუცია, რომელიც საქართველომ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიაღებინა, არაფერს იძლევა პრობლემების კონსტრუქციული მოგვარებისთვის, არამედ პირიქით, ამატებს ნერვიულობას და ემოციურობას რთულ დიალოგში და სიტუაციას აუცილებლობის გარეშე ართულებს“.- აღნიშნავს დე ფაქტო მინისტრი.
მისი თქმით, მოლაპარაკების სირთული მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მასში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები