ზურაბ ადეიშვილი: თბილისში სამოთახიანი ბინის გაყიდვა მომიხდა

იუსტიციის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბურთალოზე სამ ოთახიანი ბინა გაყიდა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა.

ზურაბ ადეიშვილის ინფორმაციით, იგი დღემდე მუშაობს და ოჯახს საკუთარი შრომით ინახავს. როგორც ადეიშვილმა გადაცემაში არჩევანში“ აღნიშნა, მას შემდეგ რაც საქართველო დატოვა, ბევრი პრობლემა ჰქონდა, თუმცა, იგი სამ სხდადასხვა ქვეყანაში მუშაობს.
„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ წამოვედით საქართველოდან ბევრი პრობლემები გვქონდა, ევროპაში ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი. ბინა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით თბილისში, ეს იყო სამოთახიანი ბინა, საბურთალოზე. ჩვენ მოგვიწია ამ ბინის გაყიდვა. თითქმის დასაწყისიდანვე მე ვმუშაობდი ევროპაში, სამ სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის კითხვა, მათ შორის ჩემს თანამებრძოლებსაც, რომლებთან ერთადაც ეს რეფორმები გავატარეთ, – ხომ არ იყო შეცდომა, რომ ჩვენ არ გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენს თანადებობაზე ყოფნის დროს? ამ კითხვაზე მეც ბევრი მიფიქრია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ წესიერება და პატიოსნება არის ყველაზე კარგი პასუხი, ამ ყველა კითხვაზე, იმიტომ, რომ, თუნდაც ჩემი მაგალითი, იმის მიუხედავად, რომ ვიყავი ინტერპოლის მიერ ძებნილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ პრობლემები შემქმნოდა, მე მაქვს კარგი სამსახური და შემიძლია ჩემი შრომით ვარჩინო ოჯახი. შესაბამისად, ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ამ პერიოდის განმავლობაში უფრო ფასსეულია, ვიდრე ნებისმიერი ქონება, იმიტომ, რომ ჩვენ დავტოვეთ მემკვიდრეობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ შევძელით ქვეყნის შეცვლა, საქართველო არასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2003 წელს. ქვეყანამ განიცადა სერიოზული პროგრესი და დღეს აქვს შანსი, რომ ახალი ნაბიჯები გადადგას შემდგომი განვითარებისთვის. დღეს რომ საქართველო ევროპის ოჯახის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელიც იმ პერიოდის განმავლობაში გავატარეთ. შესაბამისად, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს რეფორმები ჩაატარეს, მოთხოვნა ძალიან დიდია“, – აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები