ზურაბ ადეიშვილი – 7 ნოემბერს ძალის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროინდელ ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს. როგორც ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ს ეთერში განაცხადა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროს, ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა იმ პერიოდში არსებობდა საფრთხე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო საფრთხეში და სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა.
“7 ნოემბრის საქმეს რაც შეეხება, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს. სახელმწიფო ვალდებული იყო კანონიერების ფარგლებში ემოქმედა. რაც შეეხება არალეგიტიმურობას ცალსახად არა, იმიტომ, რომ საფუძველი ნამდვილად იყო და როცა საფრთხე ემუქრება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სახელმწიფო ვალდებულია ადეკვატურად იმოქმედოს. რაც შეეხება ძალის გადაჭარბებას იყო, თუმცა რეაგირება მაშინაც და მერეც მოხდა”, – განაცხადა ადეიშვილმა.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში „არჩევანში“ ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ზურაb ადეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც ძალის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი და ხელისუფლების მხრიდან შეცდომები იქნა დაშვებული.