თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს ხვალ საუდის არაბეთის პრინცი, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრინცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება. 16:00 საათზე, დაგეგმილია პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც, 16:45 საათზე, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, ასევე, საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს. ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი, საუდის არაბეთის სამეფოს დამფუძნებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალია.