20 ივნისიდან გაგრასა და ადლერს შორის საგარეუბნო მატარებელი ივლის
საგარეუბნო მატარებელი ზაფხულის სეზონზე გაგრასა და ადლერს შორის ივლის. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გურამ გუბაზიმ აცნობა.
„მატარებელი დღეში სამჯერ ივლის. ის ნაწილობრივ მაინც განტვირთავს რუსეთის საზღვარზე საავტომობილო და საფეხმავლო გადასასვლელს“, – აცხადებს გუბაზი.
ოკუპირებული „აფხაზეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე იგორ მარღანია აცხადებს, რომ ამჟამად რკინიგზის გასწვრივ ადგილის ხეებისგან და ბუჩქებისგან გასუფთავების პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან საგარეუბნო მატარებლის გაბარიტები ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებელზე ოდნავ დიდია. მისი თქმით, ივლისსა და აგვისტოში ივლის სამგზავრო მატარებელი სოხუმსა და ბელგოროდს შორის.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ და რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა გაგრასა და ადლერს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკება გამართეს.