დიღმის ჭალებში დასუფთავების აქცია გაიმართა

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დიღომში ოლიმპიურ მშენებლობებზე, სტუდენტებთან და შპს „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად, დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციაში „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძე, თბილისის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და მათი თვითმართველობები მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქციას მხარს უჭერდა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა.

„სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მივიღეთ მონაწილეობა დასუფთავების აქციაში და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ მხარდაჭერას ანალოგიური აქციების მიმართ“,- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ ტატვიძემ.

დიღმის ჭალებში აქციის მონაწილეებმა მძლეოსნობისა და ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის დარბაზისა და საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

როგორც განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ კახა ცეცხლაძემ განაცხადა: „ჩვენ ერთობლივად ვასუფთავებთ ოლიმპიური ობიექტების ტერიტორიას, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად შეხვდეს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას „თბილისი 2015“-ს, დღეს ჩვენთან ერთად თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან წარმოდგენილნი, მინდა თითოეულ მათგანს და მათ თვითმართველობას დიდი მადლობა გადავუხადო აქციაში თავიანთი წვლილის შეტანისათვის“. აქციის დასასრულს სტუდენტებმა ოლიმპიური ობიექტები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები