ნორლანდი: მინდა აღვნიშნო მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატებული საქმიანობა
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საბჭოს მდივნის მოადგილეები; ლევან ღირსიაშვილი და გიორგი ღიბრაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კრიზისების მართვის მიმართულებებს, ასევე ამერიკელი პარტნიორების გამოცდილებასა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას.
მინდია ჯანელიძემ რიჩარდ ნორლანდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს და სხვადასხვა მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ელჩმა ნორლანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.
„დღეს შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კრიზისების მართვაზე. ამერიკის მხარე მზად არის, გაუზიაროს საბჭოს ის გამოცდილება, რაც ჩვენს კოლეგებს გააჩნიათ. ვაპირებთ, აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს მათთან, რათა ის გამოცდილება, ის ექსპერტიზა, რაც გააჩნიათ ჩვენს პარტნიორებს, საბჭოს საქმიანობაში გამოვიყენოთ,“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.
“მინდა აღვნიშნო მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმატებული საქმიანობა და მივულოცო დაბრუნება საბჭოს მდივნის პოსტზე. დღეს ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააგრძელონ და უფრო ინტენსიური გახადონ თანამშრომლობა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დაგეგმვასა და ანალიზში. ჩვენ ვთანხმდებით უფრო ფართო უწყებათაშორისი თანამშრომლობის საჭიროებაზე უსაფრთხოების სფეროში, ვინაიდან კონტრტერორიზმთან და რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კომპლექსურია და მოიცავს პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ კომპონენტებს. უსაფრთხოების საბჭოს მთავარი როლი, უშიშროების საბჭოსთან ერთად, არის ის, რომ მოახდინოს ხელისუფლების ერთიანი მიდგომის შემუშავება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ხელი შეუწყოს ამ პროცესს,“ – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.