თბილისის ვიცე-მერმა მარჯანიშვილის N16-ში მშენებლობა დაათვალიერა

თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მარჯანიშვილის ქუჩა N16-ში საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ვიცე-მერი ობიექტზე არსებულ მდგომარეობას თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელთან, დავით ტალახაძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე თბილისის განვითარების ფონდი ახალ, თანამედროვე, კეთილმოწყობილ 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევა. „სამშენებლო სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად და კარგად მიმდინარეობს. მშენებლები გრაფიკს რამდენიმე დღით წინ უსწრებენ და სექტემბერში ეს ოჯახები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას კუთვნილი ფართები თეთრ კარკასულ მდგომარეობაში სექტემბრის ბოლოსთვის ჩაბარდება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ახლად აშენებულ კორპუსში შიდა კომუნიკაციების: წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის შეყვანა მოხდება. პროექტის დასრულებისთანავე, აღმაშენებლის ქუჩა N16-ის ყველა ბინათმესაკუთრე, რომელიც ფონდის მიერ დროებით ქირით არის გაყვანილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება.

მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობის დემონტაჟი 2013 წელს განხორციელდა, რის გამოც აქ მცხოვრები 15 ოჯახი თბილისის განვითარების ფონდმა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. თანამედროვე, კეთილმოწყობილი სახლის სამშენებლო სამუშაოები 1 707 550 ლარს შეადგენს და ის კომპანია „არქიტექტორები ჯი“-ს პროექტის მიხედვით შენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები