ადამაშვილი ეკა გიგაურს მიმართავს – საკუთარი ტყავის გადასარჩენად იუდას როლს არგებენ ადამიანებს…

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს მიმართავს.
ადამაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ ადამიანს გასცეს სათანადო პასუხი ფაქტებით და არგუმენტებით.
“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს ღირსება დაუქვეითდათ, ნამუსი შეებღალათ და იმდენად დაკარგეს შუბლის ძარღვის ფუნქცია, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად იუდას როლს არგებენ ადამიანებს…
მინდა ღიად, სასამართლო პროცესამდე მივმართო ეკა გიგაურს: ძვირფასო ეკა, პატივი და ღირსება ზუსტად მაშინ შეელახა საზოგადოებას, როცა თავად მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ. ზუსტად მაშინ, ეკა, როცა ხალხს სცემდნენ, აგინებდნენ, ასისხლიანებდნენ, შენ კი თბილად მოკალათებული იყავი და საერთოდ არ განაღვლებდა ადამიანების პატივისა და ღირსების ტოტალური შელახვის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში.
ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაიგოს სიმართლე და როგორც კოლეგა, გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ დაიღალე ორმაგი თამაშით, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ გაქვს. დამიჯერე, არავის მტერი არ ვარ, არც შენი, მაგრამ იქ, სადაც ვხედავ, რომ ადგილი აქვს შავის თეთრად და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობას, მზად ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანს გავცე სათანადო პასუხი ფაქტებით და არგუმენტებით. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, რომ უკან მოხედვის არ შეეშინდეს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელ დირექტორს გურამ ადამაშვილს და გიორგი ხაიდრავას უჩივლა. გიგაური მათ ცილისწამებაში ადანაშაულებს და სანაცვლოდ 30 თეთრს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები