„ანბანის კოშკი“ ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

ბათუმში მდებარე „ანბანის კოშკი“ ესპანურ კომპანიას BOOST SPAIN -ს 20 წლით მართვის უფლებით, 1 ლარად გადაეცა. კომპანია კოშკში რესტორანს და გალერეას რამდენიმე თვეში განათავსებს, დაახლოებით ერთ თვეში კი მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეებს მოაწყობს.

მანამდე მოსაწესრიგებელია ლიფტები, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, კომპანიას მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდება. არჩილ ხაბაძის განცხადებით, ობიექტის ფუნქციური დატვირთვა ზღვისპირა ტურისტულ ქალაქს კიდევ უფრო გააცოცხლებს.

მისი ინფორმაციით, 1 ლარად გადაცემული ობიექტიდან აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და ობიექტზე ადგილობრივები დასაქმდებიან.

“მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ თემაზე პანიკა მოაწყო, ჩვენ არ ვაკეთებდით განცხადებას ერთი გარემოებიდან გამომდინარე: კომპანიასთან ჩვენ გავაფორმეთ ორთვიანი მემორანდუმი და ამ პერიოდში მას უნდა შეესწავლა ობიექტის მდგომარეობა, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაეწყვიტა – უღირდა თუ არა „ანბანის კოშკის„ მმართველობაში მიღება. ეს პერიოდი წარმატებით დასრულდა. თქვენ იცით, რომ ლიფტების მშენებლობა ბოლომდე არ იყო მიყვანილი და ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. მერია მშენებელ კომპანიას უჩივის, დაუსრულებელი მშენებლობის გამო კი ობიექტი დღემდე ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. ამ ესპანურ კომპანიას ლიფტების მოწესრიგება და შეფუთვა მილიონ 200 ათასი ევრო დაუჯდება. კომპანია ყოველწლიურად გადაიხდის ქონების გადასახადს, კომუნალურ გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რაც მას დაახლოებით 700 000 ლარი დაუჯდება, დაასაქმებს ადგილობრივებს და წლების განმავლობაში უფუნქციოდ მდგარ შენობას გააცოცხლებს”,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

კომპანია BOOST SPAIN -ის დამფუძნებელის ბართოლომეო სორელ სალამანკასდ განცხადებით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დამსვენებელმა ისიამოვნოს.

“კონტრაქტის თანახმად, ეს შენობა ჩვენ 20 წლით ავიღეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამსვენებელმა ისიამოვნოს ამ შენობით. ჩვენ ჩამოვედით აქ ბიზნესის საკეთებლად და, მართლაც, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ბიზნესი ხალხისთვის სასიამოვნო იყოს. საქართველოში სხვა ბევრი პროექტი გვაქვს. ბათუმში კი სულ მალე გავხსნით რესტორანს, სადაც ნებისმიერ მსურველს ვუმასპინძლებთ. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ტურიზმის სფეროში, სასტუმროების მენეჯმენტისა და მშენებლობის საკითხებში, ეს კი ბათუმში სარესტორნო ბიზნესში ჩვენი პირველი ნაბიჯებია. რაც შეეხება ბათუმით დაინტერესებას, მე მალიორკაში დავიბადე და ძალიან მიყვარს ზღვა, მზე, ძალიან მომეწონა აქაური ხალხი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს”, – განაცხადა კომპანია BOOST SPAIN -ის დამფუძნებელმა ბართოლომეო სორელ სალამანკამ.

„ანბანის კოშკი“ ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით აშენდა და მასზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. იგი ესპანელმა არქიტექტორმა – ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა და 2011 წელს აშენებული ობიექტი დღემდე უფუნქციო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები