ირაკლი ლექვინაძე ნანტელი ახალგაზრდების ჯგუფს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ნანტის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ნანტელი ახალგაზრდების ჯგუფის ‘Compagnie je reste-ს წევრებმა თბილისის მერის მოადგილეს და მერიის სხვა წარმომადგენლებს პროექტი ‘Facing the word-ი გააცნეს. პროექტი ხელოვნების სხვადასხვა დარგს მოიცავს და თბილისელი და ნანტელი ახლაგაზრდების თანამონაწილეობით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თბილისში დაგეგმილია სპექტაკლის დადგმა, რომლის მთავარი თემა თავისუფლებაა.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ნანტს შორის მსგავსი პროექტების განხორციელება და კულტურული დიალოგის წარმოება სამომავლო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურათა დიალოგს და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებას.
„თბილისსა და ნანტს მეგობრობის 35-წლიანი ისტორია აქვთ. ვფიქრობ კარგი იქნება თუ მეგობრობა და დაძმობილება კიდევ უფრო მეტად გადაიზრდება მსგავსი ტიპის პროექტებში და ქალაქებს შორის დიალოგი უფრო აქტიური იქნება, როგორც კულტურის, ასევე სხვა ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით. მათ ექნებათ სპექტაკლი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. აქ გამოჩნდება მათი ხედვა ქართული შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე“ , – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. პროექტი, ‘Facing the word-ი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სხვადასხვა თემის გარშემო მოსაზრებებს ცვლიან. ”პროექტის ფარგლებში ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებთ. ვსაუბრობთ იმაზე თუ რა გავლენას ახდენს ჩვენზე მშობლის და უფროსი თაობის აზრი. ეს ყველაფერი ადამიანის თავისუფალი აზროვნებისკენ არის მიმართული. ჯგუფი მრავალფეროვანია. ამ პროექტში სხვადახვა ქვეყნისა და სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, ჩვენ საზღვრებს გარეშე ვმუშაობთ”,- განაცხადა ნანტელი ახალგაზრდების ჯგუფის Compagnie je reste- ის წარმომადგენელმა. თბილისსა და ნანტს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი 1979 წელს მოეწერა. დაძმობილების 35-წლიანი ისტორიის მანძილზე არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტი განხორციელდა.