მოკლული ლაშა მახარაძის დედა არასამთავრობოებს ღარიბაშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს
მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პრემიერს არანაირი უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია.
“მინდა არასამთავრობოებს მოვუწოდო ცოტა თავი შეიკავონ ხალხის შეცდომაში შეყვანისგან. მოუხადონ ღარიბაშვილს ბოდიში, რადგან ღარიბაშვილს გვარი არ დაუსახელებია და არავითარი უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია.
ღარიბაშვილმა ცალსახად თქვა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა გიორგი ოქროპირიძეო. ამას მე ვამბობ და მე ვაპელირებ. მე მიჩივლონ ყველაზე დიდ სასამართლოში”,-განაცხადა ნინო დიდებულიძემ და იმედი გამოთქვა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს არ გაათავისუფლებენ. “არ უნდა მოხდეს მისი ციხიდან გამოშვება. იმედი მაქვს, სამართლიანი მოსამართლეა. ვიცი მე ეს მოსამართლე. სამართლიანად განიხილავს და მიუსჯის აღმკვეთ ღონისძიებას”,-აღნიშნა მოკლულის დედამ. ცნობისთვის: გუშინ მთავარმა პროკურატურამ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის მოტივით ახალი ბრალი წარუდგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კი პრემიერის კომენტარის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც პრემიერი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა.