თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს დაზოგავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს დაზოგავს. უწყებებმა შემცირებული ხარჯები პრემიერ-მინისტრს 10 ივნისამდე უნდა წარუდგინონ.
როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, საკითხზე საუბარი მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება.
” სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ უკვე დაასრულეს ამ თემაზე სამუშაოები. თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, თუკი არის ბიუჯეტში რაიმე გაწერილი ისეთი ტიპის, რომელსაც მაინცდამაინც არ ვიზიარებდი ხოლმე – ახალი მანქანების, რბილი ავეჯის შეძენას ან რაიმე მსგავსს, ამას რა თქმა უნდა მოვჭრით, ამას ისედაც მოვჭრიდით, უბრალოდ სხვა რამეზე შეიძლებოდა გამოყენება. თუმცა, რადგან საუბარია ბიუჯეტის კორექტირებაზე, მზად ვართ ამისთვის”, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ხიდაშელის ინფორმაციით, განსაკუთრებული შემცირება თავდაცვის სამინისტროს არ შეეხება. “ვინაიდან ყველა რესურსი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკონომიის ხარჯზე აქვს, გადასასროლია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც უამრავია, არ იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული და ახლა შესაძლებელია გათვალისწინება“, -აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები