საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ჩენგდუში იმყოფებოდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ქალაქ ჩენგდუში იმყოფებოდა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალ საავიაციო მიმართულებებზე მოლაპარაკებების გამართვა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

“საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საჰაერო მიმოსვლის დინამიკა, ფრენების შემდგომი ზრდისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა ერთ-ერთ წამყვან ჩინურ ავიაკომპანია Chengdu Airlines-თან, ასევე ქალაქ ჩენგდუს შუანგლიუსა და ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორებთან.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ფრენების არეალის გაფართოების აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ ჩინურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკის, დარგის ძირითადი მიღწევებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მასპინძლების მხრიდან გამოითქვა მზაობა, აქტიურად იმუშაონ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტის დამატების საკითხზე.

სააგენტოს დელეგაციამ, გივი დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ქალაქ ჩენგდუში მოქმედ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის საფრენოსნო უნივერსიტეტში, ასევე გაეცნო ამ ორგანიზაციების ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო შესაძლებლობებს.

საჰაერო ხომალდების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია „COMAC“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების საჰაერო ფლოტის განვითარების ტენდენციები განიხილეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები