საგარეო უწყება ქართველი სამხედროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

“ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. კაპრალი დავითაია მსახურობდა ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში, სადაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვა ქართველი სამხედროების გვერდით გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,-აღნიშნინულია საგარეო უწყების სამძიმრის წერილში.

კაპრალ რამაზ დავითაია გუშინ გარდაიცვალა. იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში, ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში“ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები