გიორგი მარგველაშვილმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები მიიღო

საქართველო ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები მიიღო. ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალს, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალს ჟან-პოლ პალომეროსს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში მიღებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეების სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა. მათ კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმაც.

დღესვე, მიღებაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ გადასცა, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკები ვლადიმერ ნათენაძე და დავით გაგუა, ასევე, უფროსი სერჟანტი პაატა ჭანტურია ღირსების მედლებით დაჯილდოვა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უმაღლეს მთავარსარდალს ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი სიმბოლური საჩუქარი – საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. სახელმწიფო დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იყო აღმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები