ბრიტანულმა მხარემ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები იმყოფებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელი სტუმრები, დელეგაციის ხელმძღვანელის, გაერთიანებული ძალების განვითარებისა და თავდაცვის აკადემიის გენერალური დირექტორის, ვიცე-ადმირალ დუნკან პოტსის ხელმძღვანელობით, გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ მიიღეს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში განათლების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებას.
“ბრიტანულმა მხარემ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები იყო”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოში მეორედ იმყოფება. სამეთაურო-საშტაბო კურსის ჯგუფის ვიზიტი კურსის საერთაშორისო უსაფრთხოების მოდულის ფარგლებში საქართველოში მეორედ განხორციელდა. საქართველოში ვიზიტის განმავლობაში დელეგაციის წევრები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები