ლევან მურუსიძე: ალასანიას სურს, რომ იმ საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ზეწოლა მოახდინოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეებისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნულს სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. ამის შესახებ მურუსიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცახდა.
“მინდა გითხრათ, რომ ალასანიას ამ განცხადებას განვიხილავთ სასამართლოზე ზეწოლად. ალასანიას სურს, რომ იმ საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ზეწოლა მოახდინოს. მინდა ხუმრობით ვთქვა, რომ 25 თავმჯდომარეც იყო მისული ამ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, დავარწმუნეთ ყველა, რომ აღნიშნული კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული.
ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინა მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ასევე შეხვდა იუსტიციის მინისტრს, რის შემდეგაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება”,- დასძინა ლევან მურუსიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა. საუბარი კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებების შეჩერებასა და ე.წ კაბელების საქმეს ეხებოდა. ამის შესახებ კი ინფორმაცია მედიასთან “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებსა და ივანიშვილს შორის ე.წ კაბელების საქმეზე გარიგება შედგა.