გედევან ფოფხაძე: ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ემოციებით ხელმძღვანელობენ
ვფიქრობ, ნაფიცი მსაჯულები ეს არის არაპროფესიონალური მართლმსაჯულება, რომელიც დაფუძნებულია ემოციებზე, – აღნიშნული კომენტარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ გააკეთა. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ემოციებით ხელმძღვანელობენ.
“ვფიქრობ, ნაფიცი მსაჯულები ეს არის არაპროფესიონალური მართლმსაჯულება, რომელიც დაფუძნებულია ემოციებზე. სისხლის სამართლისა და სასჯელის პრინციპები კარგად უნდა იყოს გათავისებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვერდიქტი გამოაქვს. ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ემოციებით ხელმძღვანელობენ. მსგავსი მართლმსაჯულება ძალიან შორს არის ობიექტურობისაგან, ის ეფუძნება ემოციებს და გრძნობებს”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. “ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებულნი, ამას გადავხედოთ და ის რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია, ძალიან მალე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.